Pages

განსხვავებული „შუ“ და „ეკლერი


შემადგენლობა ცომისთვის: 8 კვერცხი ნახევარი ჩაის ჭიქა ზეთი 1 სავსე ჭიქას დამატებული მეოთხედი ჭიქა წყალი 250 გრ. ფქვილი მწიკვი მარილი. შემადგენლობა კრემისთვის: 2 ჭიქა შაქარი 1 ჭიქა ფქვილი 200 გრ კარაქი 1 ქილა შედედებული რძე (სგუშონი) ვანილი. შემადგენლობა შოკოლადისთვის: 1 ფილა შავი შოკოლადი 1 სუფრის კოვზი რძე ან ზეთი. ცომის მომზადების წესი: სანამ ცომის მზადებას შეუდგებოდეთ, გატეხეთ კვერცხები და ჯამში მოათავსეთ. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი, ზეთი, ჩაყარეთ მარილი და ცეცხლზე შემოდგით. როგორც კი წყალი ადუღდება, ნელ-ნელა ჩაყარეთ ფქვილი, თან ხის კოვზით ურიეთ, რათა ცომი ქვაბის ძირზე არ მიიკრას. ქვაბი ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი გააჩერეთ და გადმოდგით. ცხელ ცომს მიქსერის შეუჩერებლად, სათითაოდ შეათქვიფეთ წინასწარ გატეხილი კვერცხები. დაახლოებით, 10 წუთში ცომი „შეიკვრება“. ამ ცომით შეგიძლიათ, გააკეთოთ „შუც“ და „ეკლერიც“ - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ფორმას მისცემთ ჟარონაზე დასმისას. ეკლერის გამოსაცხობად ცომი ცხიმმოსმულ ჟარონაზე კულინარიული პარკით უნდა დასვათ და წაგრძელებული ფორმა უნდა მისცეთ. შუების დასმა ჩვეულებრივი კოვზითაც შეიძლება და კულინარიული ფორმითაც, მხოლოდ ამ შემთხვევაში ცომს მრგვალი ფორმა უნდა მისცეთ და არა წაგრძელებული. გაითვალისწინეთ, რომ ამ ცომს ცხობისას გაფუება ახასიათებს, ამიტომ ჟარონაზე დასმისას ეკლერებსა და შუებს შორის საკმაო სივრცე უნდა დატოვოთ. ეკლერები და შუები ძალიან გახურებულ ღუმელში უნდა შედგათ და კარი მაშინვე დახუროთ. გაითვალისწინეთ, რომ ცხობის პროცესში ღუმელის გამოღება არ შეიძლება, რადგან ამოსული ნამცხვარი მაშინვე ჩავარდება. ნამცხვრის ცხობის ხანგრძლივობა ღუმელზეა დამოკიდებული. როცა ღუმელის შუშიდან დაინახავთ, რომ ნამცხვარი ოქროსფერი გახდა, სიმხურვალეს დაუწიეთ და ნამცხვარს შიგნიდან გამოშუშება აცადეთ. მოხარშული კრემის მომზადების წესი: ერთმანეთში კარგად არეულ შაქარსა და ფქვილს წყალი ნელ-ნელა დაამატეთ და რომ არ „დაკორკოშალდეს“, მიქსერით თქვიფეთ. როცა ფქვილი და წყალი ერთიან მასად იქცევა, დადგით ცეცხლზე და შეუჩერებელი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ. ადუღებიდან, დაახლოებით, 10 წუთი კრემი დაბალ ცეცხლზე უნდა მოიშუშოს. ამის შემდეგ ცეცხლიდან გადმოიღეთ, ხელის გულის ტემპერატურაზე გააგრილეთ და ცალკე ათქვეფილი კარაქი და შედედებული რძე შეათქვიფეთ. მზა კრემი ეკლერებში და შუებში კულინარიული პარკით შეუშვით, ან გვერდი ჩაუჭერით და ისე მოათავსეთ. თავზე მოსასხმელი შოკოლადის მომზადების წესი: ჯამში ჩატეხეთ შავი ან ნებისმიერი სხვა შოკოლადი (თხილისა და ქიშმიშის გარეშე). დაამატეთ რძე ან ზეთი და ჯამის ძირი ჩადეთ წყალში, რომელიც დუღს. შოკოლადი კარგად რომ გადნება, მოურიეთ და გამზადებული ეკლერები ამოავლეთ. შუებს შოკოლადში ამოვლება არ სჭირდება.

წყარო  ბეჭდვა


არაალკოჰოლური სასმელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze